ისევ დავუბრუნდი სადგურს, სადაც პირველად მივაცილე ჩემი ადამიანობა უკიდეგანო უფსკრულამდე. ნარკოტიკებისგან გაბრუებულმა ძლივს მოვაგენი იმ ადგილს, სადაც ერთხელ უკვე დავტოვე საკუთარი გული.
კატასტროფის მოლოდინში თითქოს სამყაროც გაიყინა, გაჩუმდა და ჩემს სხეულში მფეთქავ, წამალგარეული სისხლის მოძრაობის რითმს დაუგდო ყური.
მე დღეს თავს მოვიკლავ! – გავიფიქრე მტკიცედ.
რატომ მოვედი ამ ზომამდე, კაცმა არ იცის. არც მე ვიცოდი და მგონი არც ღმერთმა. როდესაც მან საბოლოოდ ჩაიქნია ჩემზე ხელი, მას შემდეგ არც დაინტერესებულა ჩემი ისტორიის დასასრულით. „თავში ქვა გიხლია!“ მომაძახა და წავიდა.
ხოდა მას მერე კი ვიხალე თავში ქვაც, აგურიც, წიხლიც, მუშტიც… ის კი არა, ერთხელ, ავტობუსის გაჩერებაზე მდგარს, კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოგდებული ვაზაც კი გადადამეფშვნა თავზე. მეორედ, მშენებარე ტერიტორიებს რომ ჩავუარე, ამწეკრანის კაუჭი მომხვდა კეფაში და ნაპერწკლები მაყრევინა თვალებიდან. მაგრამ ხისთავიანი ვარ… არაფერი მომსვლია. ტვინის შერყევაც კი არ დამემართა.
ზოგი ამას იღბლიანობას ეძახის, მაგრამ მე მივხვდი, რომ სამყარომ უბრალოდ დამიკიდა.
თავდაყირა არსებობის ოცდამეთექვსმეტე წლისთავზე ვიდექი ჩემს ნაცნობ სადგურზე და საკუთარი ცხოვრების დაფლეთილი წიგნით ხელში ხარბად ვისუნთქავდი მაზუთით და საწვავით გაჟღენთილ ჰაერს.
დოზა მჭირდება – გავიფიქრე.
…და მივხვდი, რომ მე ვარ ლაჩარი, არაკაცი და არარაობა. რომ მთელი ჩემი პრინციპები და კაცობა ილუზია იყო, რომელსაც ალკოჰოლი და წამლები მახვევდნენ თავს.
და მე დავპატარავდი… ვიდექი მარტო, და ვგრძნობდი, როგორ გავხდი ჭიანჭველისხელა.
ჯერ გამეცინა… მერე ისტერიულად ავხარხარდი.
მე, ასეთი უსუსური არსება, ვერასდროს შევძლებდი თავის მოკვლას. სად მქონდა მაგის ტრაკი?
ჩვენ, ჩემისთანა ნახვები, დედამიწის პარაზიტებად ვიქეცით დიდი ხნის წინ. ჩვენ დავკარგეთ საკუთარი თავი, საკუთარი ისტორია, რწმენა, იმედები… ჩვენ სასაცილოდ ავიგდეთ მთელი კაცობრიობა… და ძირს გავასწორეთ ადამიანობა.
მე მეშინოდა… არაკაცურად მეშინოდა ამ ყველაფრის მერე და მე ვერ მოვიკლავდი თავს.
ამიტომ, სლოკინით გამოვემშვიდობე ნაცნობ სადგურს და კედელზე ხახუნით გავეცალე იქაურობას.