At Temple Station with Destiny – ნაწილი I

ჩემმა მატარებელმა ჩაიარა.

გაყოლას დარჩენა ვამჯობინე…

ვიჯექი შუა სადგურში და უაზროდ დავჰყურებდი ბილეთებს… სანამ არ ჩამობნელდა.

ავდექი და წამოვედი. ჩემი ხელჩანთები სკამთან დავტოვე. ხვალ დავბრუნდები მეთქი, ვიფიქრე. მეორე დღეს ნივთები ადგილზე არ დამხვდა. რა თქმა უნდა, არც ველოდი. ისევ ჩამოვჯექი შუა სადგურზე რამდენიმე წამის დაძრული მატარებლის კუდს გავაყოლე თვალი.

სახლში მინდა – გავიფიქრე – დედა მელოდება.

და მერე გამასენდა, რომ დედა აღარ მყავს. ორი კვირის წინ გარდაიცვალა. სიკვდილის წინ ვუკითხივარ. ვერ დამიკავშირდა ვერავინ – ვერც პირად ტელეფონზე, ვერც სამსახურში. ბიძაჩემი მოსულა კიდეც ჩემთან, მეზობელს უნახავს. იმ ქაჯს ასე უთქვამს მისთვის, მე რა ვიცი, სად ჯანდაბაში დაეთრევა. სამი დღეა არ მოსულა სახლში. ბოლოს რომ ვნახე, გალეწილი მთვრალი ძლივს მობობღდა სახლის კარამდე და შესასვლელშივე ჩაეძინაო. (საოცარი ქალია! მისი მკერდიდან მხოლოდ შხამს და გესლს თუ ალოკავ. თაფლს არ იწველება).

ისე მიიცვალა დედა, სამი წლის მანძილზე ერთხელაც არ მომიკითხავს. არა და ერთ დროს სახლში მოსვლა იმიტომ მიხაროდა, რომ დედა შინ დაბრუნებულს გადამკოცნიდა, ჩამიხუტებდა გულში და ასე ვყავდი ჩახუტებული, სანამ ჩაიდნის წუილს არ გაიგებდა. მერე თითქმის სირბილით შევარდებოდა ხოლმე სამზარეულოში და გამორთავდა ქურას. თან ბედნიერი ღიმილით მეძახდა, მოდი, შვილო, ჭამეო. სულ იმას გაიძახდა, ჩემი ერთადერთი იმედი ხარ ამ ცხოვრებაშიო. (ჩემს მტერს ჩემნაირი იმედი!)

ყოველდღიური მარტივი ბედნიერებაა ეს ყველაფერი. თუმცა როგორც ჩანს ბედნიერებაც მოსაბეზრებელია. ყველაფერი ყელში ამოგდის ერთხელ ადამიანს, გინდა აჯანყდე, რაღაც არანორმალური გააკეთო და შური იძიო საკუთარ ცხოვრებაზე. ასე მომივიდა მეც.

მტირალი დავტოვე დედა.

ჩავალაგე ბარგი და ისე წამოვედი სახლიდან, უკან არ მიმიხედავს. მხოლოდ ხმა გავიგე, ღმერთო შენ დაიფარეო.

აქამდე არ მჯეროდა ღმერთის არსებობის, მაგრამ დედის სიკვდილის შემდეგ ვიწამე. შეიძლება იმიტომ, რომ მინდოდა ჩემი ერთადერთი მშობელი უკეთეს ადგილას ყოფილიყო, უკეთეს გარემოცვაში. შეიძლება იმიტომაც, რომ მისი გარდაცვალების შემდეგ გული დამიცარიელდა და ვიგრძენი, რომ ჩემი ღმერთი დედაჩემი იყო – ადამიანი, რომელმაც გამაჩინა, რომელმაც საკუთარი ნაწილიდან შემთითხნა და სული მომანიჭა, რომელმაც უანგაროდ შემიყვარა და აღმზარდა… და ჩემგან, დაუნახავი და უძღები ადამიანისგან, სანაცვლოდ არასდროს არაფერი მოუთხოვია.

სამწუხაროდ, გვიან ვაფასებთ ხოლმე ადამიანები ყველაფერს. თანაც ხშირად – არასწორად!

მე საკუთარ ცხოვრებაზე შური ვიძიე!

ეხლა ვზივარ, გავყურებ მოგრიხინე მატარებელს და თან ვტირი. ვტირი იმიტომ, რომ ვეღარასდროს ვიტყვი სიტყვებს „მიყვარხარ, დედა!“

…არადა, ძალიან მიყვარდა!..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s